რომელი საათია?
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში
მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ
მასვენებს მწარე სინანული,
რომელი საათია?
რომელი საათია?
ვდგევარ
ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა
თავზე დამათია.
ახლა მხოლოდ
სამი იყოს, შეიძლება.
რომელი საათია?
რომელი საათია?
სამის,
შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ
გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის
სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია?
რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა
ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე
რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად
რეკავს ტელეფონი,
რომელი საათია?
რომელი საათია?
ღმერთო, როგორ
მოხდა, წვიმა მოსისხასი
თითქო შეუწყვეტი
კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება
ღამე საზიზღარი!
რომელი საათია?
რომელი საათია?
იყო შარლ
ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია,
ღვინის საათია!” -
ასე იძლეოდა
პასუხს შეკითხვაზე:
რომელი საათია?
1914
No comments:
Post a Comment