Tuesday, December 23, 2014
Monday, December 22, 2014
ვაჟა–ფშაველა - ალუდა ქეთელაური
ვაჟა–ფშაველა
ალუდა ქეთელაური
(ხევსურების ცხოვრებიდან)
I
მაცნე მოიდა შატილსა:
- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,
დაგვიწიოკეს მწყემსები,
ავნია, ავი-ზნიანნი.
ალუდა ქეთელაური
კაცია დავლათიანი,
საფიხვნოს თავში დაჯდების,
სიტყვა მაუდის გზიანი;
ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,-
სცადა ფრანგული ფხიანი.
ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!
ქისტებს წაუსხამ ცხენები,
ალუდაისიც ფთიანი.
გუმან აქვ, გადაავლიონ
არხოტის თავი მთიანი,
გადაბერტყინონ ნალითა
ქუჩი მთებისა ცვრიანი.
ეს რო ალუდამ გაიგო,
თოფს დაუპირა ტალიო;
აისხა იარაღები,
გააფხავიდის ხმალიო;
გაუშინჯიდის ვადანი,
ხმალს არ მაუტყდეს ტარიო.
ცისკრის ხანია, მტერს მისდევს
კლდის შავარდენი ჩქარიო.
გათენებისას ჭიუხში
შურთხმა დარეკა ზარიო,
ძაღლებს-კი სძინავ თეოზე,
ჯერ არ გაშლილა ცხვარიო.
მალე შააგდო ალუდამ
ქისტების ნავალს თვალიო.
მარჯვედვე გადაეწია,
თოფმა გაიღო ჩქამიო:
ერთს ქურდ-კანტალას ღილღველსა
ცუდი დაუდგა წამიო;
გადავარდება ცხენზეით,
ყელ-თავქვე ეკიდებისა;
ნატყვიარი სჭირს ბეჭის თავს,
ზედ ცეცხლი ეკიდებისა;
ამხანიგ-მოკლულ ღილღველი
ჩახმახსა ეზიდებისა.
გამასტყვრა მუცალის თოფი,-
კლდის პირი დაიშლებოდა,
ნაძოძი ტყვიის ალუდას
კალთაში ჩაეშლებოდა.
- არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! -
მუცალი ეუბნებოდა.
- ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა.
ხმა ალუდაის თოფისა
ჭეხასა ჰგვანდა ცისასა.
- არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო? -
ისევ ეძახის იმასა.
- მუცალს არა სჭირს, რჯულ-ძაღლო, -
ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა...
- ოჰო, ქუდ გაუხვრეტია,
წვერებსა სტუსავს თმისასა.
- მაღლა დაგიცდა, ბეჩავო,
კენჩხას არა სჭირს ძვლისასა.
გამოსტყვრა მუცალის თოფი,
ტყვია ჩქამს იზამს მქისესა,
გაუტეხს ქეთელაურსა
საპირის-წამლეს რქისასა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
ზედაც დაჰვედრებს იმასა.
- არა სჭირს, არა, რჯულ-ძაღლო,
ყმასა გუდანის ჯვრისასა,
გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების,
ძალს შაახვეწებს ღვთისასა.
გულს არ ჰხვდა, ნუ გეგონების,
ამტვრევდა წამლის ქისასა.
რაკი სრევაზე მიდგება,
ჯავრს არც მე შავჭამ მტრისასა.
შატილიონის ნასროლი
ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
- არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლო?! -
შამაუჭყივლებს ქისტასა.
- გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო,
ვაჰ ცდასა მუცალისასა!
ძმაც ხო მამიკალ, მეც მამკალ,
რა ვუთხრა მადლსა ღვთისასა?
მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
წვანეს ბალახსა მთისასა.
ერთიც ესროლა ალუდას,
ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თოფიც ალუდას გაუგდო,
ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა:
- ეხლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო,
ხელს არ ჩავარდეს სხვისასა.
სიტყვა გაუშრა პირზედა,
დაბლა გაერთხა მიწასა.
ალუდას თოფი არ უნდა,
ატირდა როგორც ქალიო;
არ აჰყრის იარაღებსა,
არ ეხარბება თვალიო.
თავით დაუდვა ხანჯარი,
ზედ ეკრა სპილოს ძვალიო,
გულზედ ძეგლიგი დაადვა,
მკლავზედ ფრანგული ხმალიო.
მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: ცოდვა არიო;
ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო,
ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო.
მკლავზედაც გებას მარჯვენა,
შენზედ ალალი არიო,
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს,
ნუმც ხარობს ქავის კარიო,
კარგი გყოლია გამდელი,
ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!
სიგძივ გაჰხურა ნაბადი,
ზედ გადაადვა ფარიო.
II
მზემ აიწია ცაზედა,
ნისლებმ დაწირეს ხევები;
მისჯარებიან ცის კიდეს
კავკასიონის დევები.
აშლილან სანადიროდა
ქორებ, ფრინველთა მლევლები;
Subscribe to:
Posts (Atom)